შინაარსზე გადასვლა

ჯუზეპე დე სანტისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯუზეპე დე სანტისი
დაბადების თარიღი 11 თებერვალი, 1917
ფონდი, იტალია
გარდაცვალების თარიღი 16 მაისი, 1997 (80 წლის)
რომი, იტალია
მოქალაქეობა იტალიის დროშა იტალია
საქმიანობა კინორეჟისორი
სცენარისტი
კინოკრიტიკოსი
აქტიური 1940–1995 წწ.

ჯუზეპე დე სანტისი (იტალ. Giuseppe De Santis; დ. 11 თებერვალი, 1917 — გ. 16 მაისი, 1997) — იტალიელი კინორეჟისორი, სცენარისტი და კინოკრიტიკოსი. ნეორეალიზმის ერთ-ერთი წამომწყები და ლიდერი.[1] მისი ძმა პასკუალინო დე სანტისი იყო კინოოპერატორი, ხოლო მეუღლე ჯორდანა მილეტიჩი მსახიობი და ბალეტის ყოფილი მოცეკვავე.

ჯუზეპე დე სანტისი დაიბადა 1917 წლის 11 თებერვალს, ქალაქ ფონდიში. რომის უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიას, სამართალსა და ჟურნალისტიკას. სწავლობდა „Centro Spe­ri­men­ta­le“-ის უმაღლეს კინოსკოლაში.[2] მეორე მსოფლიო ომის დროს ასისტენტად მუშაობდა ლუკინო ვისკონტისთან, რობერტო როსელინისთან და სხვებთან. იბეჭდებოდა ჟურნალ „Cinema“-ში. წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე. იყო იტალიის კომუნისტური პარტიის წევრი.[3]

1945 წელს ლუკინო ვისკონტისთან და მარიო სერანდრეისთან ერთად დადგა ფაშისტური გერმანიისგან იტალიის განთავისუფლების შესახებ დოკუმენტური ფილმი „დიდების დღეები“. პირველი სარეჟისორო ნამუშევარი გახდა ფილმი „ტრაგიკული ნადირობა“ (1947), რომელმაც ვენეციის კინოფესტივალზე მოიგო ვერცხლის ბაბთა. ფილმები „მწარე ბრინჯი“ (1949) და „არ არის სიმშვიდე ზეთის ხილისხეებქვეშ“ (1950) განასახიერებენ ნეორეალიზმის იდეურ და მხატვრულ პროგრამას. დე სანტისის გმირები არიან სოციალური ქვედა ფენების წარმომადგენლები, დაჩაგრულები, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ ღირსება და ბრძოლის ენერგია. დე სანტისი ძირითადად მუშაობდა არაპროფესიონალ შემსრულებლებთან, აღწევდა უკიდურეს უტყუარობასა და სოციალურ დამაჯერებლობას.[3]

ჯუზეპე დე სანტისის შემოქმედების მწვერვალია ფილმი „რომი, 11 საათი“ (1952), რომელიც გახდა ნეორეალისტური კინოწარმოების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. ხელისუფლებამ ფილმი რეჟისორ-კომუნისტის რადიკალური და უკომპრომისო პოზიციის გამო აკრძალა და შესაბამისად არ ყოფილა წარდგენილი კანის კინოფესტივალზე. 1964 წელს გადაიღო სსრკ-იტალიის ერთობლივი ფილმი „ისინი აღმოსავლეთისაკენ მიდიოდნენ“ (1964), სადაც ერთ-ერთ როლს ასრულებს ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე.[4] ჯუზეპე დე სანტისი თითქმის ყველა თავისი ფილმის სცენარის ავტორიცაა. 1995 წელს ვენეციის კინოფესტივალზე მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის მიიღო ოქროს ლომი.[5]

  1. Fa­rassino A. G. De Santis. Mil., 1978
  2. Giuseppe De Santis, un’eccellenza emarginata dal sistema produttivo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-17. ციტირების თარიღი: 2020-12-15.
  3. 3.0 3.1 Джузеппе Де Сантис // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-30. ციტირების თარიღი: 2020-12-15.
  4. Italiani brava gente (Attack and Retreat)
  5. Giuseppe De Santis // Internet Movie Database